მათემატიკის საოლიმპიადო წრე

ვეკუას სკოლის საოლიმპიადო წრე განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მათემატიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ და სასკოლო პროგრამის მიღმა ცოდნის გაღრმავებისკენ ისწრაფვიან. წრის მიზანია მოსწავლეთა სისტემური და გაწერილი მომზადება საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადებისთვის.

კურსი დონეებისა და კლასების მიხედვითაა აგებული, რაც თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ისწავლოს მისი ასაკისა და მომზადების დონის შესაბამის ჯგუფში. ამასთან, ცალკე ფუნქციონირებს გოგონების საოლიმპიადო წრე, რომელიც მოსწავლეებს გოგონების მათემატიკური ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

რა ისწავლება კურსში?

წრეზე გაძლიერებულად და სიღრმისეულად ისწავლება საოლიმპიადო მათემატიკის ოთხი ძირითადი მიმართულება:

  • გეომეტრია
  • ალგებრა
  • რიცხვთა თეორია
  • კომბინატორიკა

მეცადინეობები ორიენტირებულია არა მხოლოდ ამოცანების ამოხსნაზე, არამედ ამოხსნის ლოგიკურ დასაბუთებასა და მკაფიოდ ჩამოყალიბებაზე. სწორედ ეს უნარია განმსაზღვრელი როგორც ოლიმპიადებზე წარმატებისთვის, ისე შემდგომი აკადემიური საქმიანობისთვის.

რას აძლევს წრე მოსწავლეებს?

საქართველოს წარდგენის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე.

წრის მოსწავლეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, რომლებიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ეს გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას, შეეჯიბრონ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მათემატიკოსებს და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.

კრიტიკული და მათემატიკური აზროვნების განვითარება.

საოლიმპიადო ამოცანის ამოხსნა მზა ფორმულის გამოყენებით შეუძლებელია. იგი მოითხოვს ანალიზს, ჰიპოთეზის შემოწმებას, არასტანდარტული გზის ძიებას და შედეგის მკაცრ დამტკიცებას. ამ გზით შეძენილი უნარები მოსწავლისთვის ღირებულია მათემატიკის ფარგლებს მიღმაც.

ეროვნული თუ საერთაშორისო შედეგები.

ვეკუას სკოლის მოსწავლეები არაერთხელ ყოფილან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულთა სიაში, არაერთხელ მომხვდარან საქართველოს ნაკრებებში საერთაშორისო ოლიმპიადებზე და მოუპოვებიათ მედალი.

ძირითადი ოლიმპიადები

შეგიძლიათ მეტი იხილოთ იმ საერთაშორისო შეჯიბრებების შესახებ, რომლებისთვისაც წრე მოსწავლეებს ამზადებს: